|
კომიტეტმა I მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც აგვისტოს თვეში საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეღავათებს უწესებს.
კერძოდ, ფიზიკური პირი, რომელიც 2008 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციის აგრესიის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან 2009 წლის 1 მაისამდე.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა სხდომაზე I მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", რომელიც აზუსტებს საკლასო ჩინის მქონე მოხელისთვის მისი სხვა თანამდებობაზე (სხვა დაწესებულებაში) გადასვლის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს დანამატის გაცემის წესს. კერძოდ, დანამატის გაანგარიშების საფუძველი გახდება მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო. ხათუნა გოგრიშვილმა კომიტეტის წევრებს აგრეთვე განუცხადა, რომ ნოემბრის ბოლოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი იქნება საჯარო სამსახურის ახალი კოდექსი. საჯარო სამსახურის ახალი კოდექსი რამდენიმე თვის წინ შემოვიდა პარლამენტში და მასთან დაკავშირებით ექსპერტებთან კოსულტაციება ახლაც მიმდინარეობს.
სხდომაზე დეპუტატება I მოსმენით განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მორიგი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტისთვის ფინანსური დახმარების მოცულობის განსაზღვრის ვადად 10 ოქტომბერს ადგენს.
პარლამენტის წევრმა, ვანო ხუხუნაიშვილმა სხდომაზე I მოსმენით წარმოადგინა კანონპოექტი "არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", რომელიც საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნათ. პროექტი მიჯნავს მუნიციპალიტეტის ქალაქში ჩადენილ სამართალდარღვევას დაბაში, თემში და სოფელში ჩადენილი სამართალდარღვევებისგან. შესაბამისად, იმიჯნება პასუხისმგებლობებიც.
მუნიციპალიტეტის ქალაქში ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარი, ხოლო დაბაში, თემში და სოფელში ჩადენილი სამართალდარღვევისთვის 200 ლარი იქნება.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.
http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=257&info_id=20641
|