|
”24 საათი” აქვეყნებს ინფორმაციას პარლამენტის მიერ საპენსიო საკითხებისადმი მიდგომების შესახებ. კერძოდ, პარლამენტი მოითხოვს მთავრობისაგან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას...
"პარლამენტს კარგად ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და ის ფინანსური კრიზისი, რომელმაც მთელის მსოფლიო მოიცვა. უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი ამ პირობების გათვალისწინებითაც კი ვერ აკმაყოფილებს ისეთ პრინციპულ საკითხებს, როგორიცაა მოსახლეობის სოციალური დაცვა. მთავრობა წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებს, ვერ იცავს გაჭირვებულ მოქალაქეებს. ჩვენ მთავრობისგან ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს მოველით, რომელიც ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებზე იქნება ორიენტირებული" - განაცხადა სხდომაზე საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა.
საკანონმდებლო ორგანო პენსიების ზრდას კატეგორიულად მოითხოვს. აუცილებლად უნდა გაიზარდოს ხანდაზმულობის პენსია და სიღარიბის ზღავრს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის დახმარებების ოდენობა. მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე გასთავალისწინებელია დასაქმებისა და "იაფი კრედიტის" გაცემის საკითხიც.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მელიქიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, მთავრობის ხარჯების 5-10 პროცენტამდე შემცირებას ეხება. დეპუტატი მთავრობას "ქამრების უფრო მაგრად შემოჭერას" ურჩევს და ღიად აცხადებს, რომ მათ პრიორიტეტებში გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნვა მეასეხარისხოვანია.
პარლამენტის შენიშვნებს ადასტურებს ფინანსთა მინისტრიც და აღნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ბევრი რამ შესაცვლელი და დასახვეწია. "ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია შემოსავლების ნაწილში, მათ შორის საუბარია საერთაშორისო გრანტებზე და კრედიტებზე, რომელთა საერთო მოცულობა ოქტომბრის ბოლოს დონორთა კონფერენცის შემდეგ იქნება ცნობილი. რაც შეეხება, გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების საკითხს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავზარდოთ მათი დაფინანსება." - განაცხადა ნიკა გილაურმა.
2009 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ გამოთქმულ კრიტიკას იზიარებს კონტროლის პალატაც. ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები სწორედ, რომ სოციალური დახმარებისკენ უნდა იქნას მიმართული. კონტროლის პალატა, ამ მიმართულებით შენიშვნებზე მუშაობს და საბოლოო დასკვნას მოგვიანებით წარმოადგენს.
საკუთარი შენიშვნებით გამოდის საპარლამენტო უმცირესობა. ისინი სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდასთან ერთად, საპატრიარქოს სუბსიდირების გაზრდასაც მოითხოვს. საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლალიაშვილი განმარავს, რომ არსებობს გარკვეული შენიშვნები თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებიასთან დაკავშირებით.
|