|
გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის კომენტარს აშშ-ს მიერ გზების რეაბილიტაციის პროცესის გაგრძლებისათვის 100 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ 100 მლნ აშშ დოლარით საქართველოში გზების რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება და ასევე გაზსაცავის მშენებლობის დასრულება დაფინანსდება.
"გლობალური საფინანსო კრიზისის ფონზე, დონორი და მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის აუცილებლობაზე თანხმდებიან, რაზეც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგები მიუთითებს,” - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა და ქართულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს, მათ შორის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან, შეერთებული შტატების ხაზინის ვიცე-მდივანთან, UBS-ის მმართველ გუნდთან, კერძო საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო "ჯპ მორგან”-ის ინვესტორთა კონფერენციაში (JP Morgan investor conference), დაესწრო სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუბენ ჯეფრისთან გამართულ მოლაპარაკებებს.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, სხვა დონორებისგან მიღებულ ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს დაეხმარება, შედარებით უმტკივნეულოდ გადალახოს ქართული ეკონომიკისთვის აგვისტოს მოვლენებით მიყენებული ზარალი და, აგრეთვე, ადეკვატურად უპასუხოს გლობალური საფინანსო კრიზისის შედეგად მოსალოდნელ რყევებს.
|