|
”პრესა.გე” აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოსათვის გამოყოფილი 4.5 მილიარდი დოლარის ხარჯვაზე სახელმწიფო ორგანოების კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ვლადიმერ გურგენიძემ დავალებები მისცა ეკონომიკური განვითარების მინისტრს და ასევე ფინანსთა მინისტრს. გილაურმა, პარლამენტთან და ანტიკრიზისულ საბჭოსთან ერთად, ის მექანიზმები უნდა ჩამოაყალიბოს, რითაც მოხდება აღნიშნული ხარჯების გამჭვირვალობა, რათა საზოგადოებისათვის იყოს ნათელი, თუ როგორ იხარჯება ეს თანხები.
[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს ყვავილოვანი ხელისუფლება სასაცილო გადაწვეტილებას იღებს. თურმე დონორების მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვას მთავრობა პარლამენტთან ერთად გააკონტროლებს. ნაჩუქარ ფულებს მგლები შეჭამენ თუ მგლისფერი ძაღლები, საქართველოს მოსახლეობისათვის დიდი შეღავათი არ უნდა იყოს.
პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძემ საქართველოში ჩამოსვლისთანავე მთავრობის წევრები შეკრიბა და უთხრა, ევროპის, ამერიკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 4,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფა სამი წლის განმავლობაში დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა არისო. და ამ “მხარდაჭერას” ხელი მაგრად უნდა მოვუჭიროთო.
გურგენიძემ დავალებები მისცა ეკონომიკური განვითარების მინისტრს და ასევე ფინანსთა მინისტრს. გილაურმა, პარლამენტთან და ანტიკრიზისულ საბჭოსთან ერთად, ის მექანიზმები უნდა ჩამოაყალიბოს, რითაც მოხდება აღნიშნული ხარჯების გამჭვირვალობა, რათა საზოგადოებისათვის იყოს ნათელი, თუ როგორ იხარჯება ეს თანხები.
გარდა ამისა, ის ფული, რაც შემდეგი წლისთვის საქართველომ უნდა მიიღოს დონორებისაგან, 2009 წლის ბიუჯეტში უნდა იყოს ასახული. ფინანსთა სამინისტრომ მსოფლიო ბანკთან ერთად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ დონორებისაგან თანხის მიღება დროულად მოხდეს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დახმარების დიდი ნაწილი საბიუჯეტო დახმარებაა და იგი დაზარალებულთა და 90-იანი წლებში დევნილთა პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. გარდა ამისა, თანხა ასევე მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ინფრასტრუქტურის ნაწილში კი იგულისხმება გზების პროექტები, ასევე ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროექტები, წყალმომარაგების გაუმჯობესება და ა.შ.
ეკონომიკური განვითარების მინისტრს პრემიერ-მინისტრმა დაავალა, რომ აღნიშნული მიმართულებით გააქტიურდეს მუშაობა და ყველა ის მონახაზი, რომელიც ამ მიმართულებით იქნა შეთანხმებული დონორებთან, რეალურ პროექტებად იქცეს.
გურგენიძის შემდეგ ზღაპრების მოყოლასა და შაირობაში თავი უკვე ეკონომიკის მინისტრმა გამოიდო. შარაშიძე ურცხვად აცხადეს, რომ ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე საქართველოსთვის ნაბოძები თანხიდან “თითოეული ცენტი გამჭვირვალედ დაიხარჯება”.
“საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარს უჭერს და დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ახლა საქართველოს ხელისუფლების მთავარ ამოცანად გამოყოფილი 4,5 მლრდ დოლარის მიზნობრივად განკარგვა რჩება”, - განაცხადა შარაშიძემ და დასძინა, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და საქართველოსთვის განსაზღვრული 4,5 მლრდ დოლარის განაწილების საკითხებს განიხილავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია პარლამენტის პოზიცია.
როგორ და რა მეთოდით უნდა მოხდეს მთავრობის გამჭვირვალეობის ხარისხის დადგენა და კონტროლი, ამაზე საუბარი ჯერ არ მიდის. საქართველოს პარლამენტი ისედაც მთავრობის ნოტარიუსად არის ქცეული და ძნელი წარმოსადგენია ამ საკითხში რაიმე ბარიერები შეუქმნას. მით უმეტეს, რომ კანცელარიაში მოკალათებული მგლები, მგლისფერ ძაღლებს საკბილოს ახლოს არ გააკარებენ.
|