|
ორგანიზაციის შეფასების თანახმად საჭიროებათა შეფასების ერთობლივ დოკუმენტში განხილულია 2008 წლის ომის შედეგები, შეფასებულია წარმოშობილი საჭიროებები და წარმოდგენილია რეაბილიტაციის გეგმა. თუმცა, კვლევის ავტორები ნაკლებად ვარაუდობენ 4.55 მლრდ. დოლარის დახმარების სრულად მიღების შესაძლებლობას, რადგან დონორების მიერ თანხების გამოყოფა ერთდროულად არ ხდება , ხოლო გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა შესაძლოა ამ თანხის ცვლილება გამოიწვიოს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უშუალოდ ომის შედეგად მიყენებული ზარალი ძალზე მცირეა, მაგრამ მისი ეკონომიკური შედეგები სერიოზული. სწორედ შედეგების აღმოფხვრის მიზნით აღნიშნული დახმარება უნდა გადანაწილდეს შემდეგ სფეროებზე: სოციალური სექტორი, ინფრასტრუქტურა, საბიუჯეტო დახმარება, მუნიციპალური სერვისები, მყისიერი მიმართვა და ჯანდაცვა.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებაში ასევე მიმოხილულია ყოველი სფეროს დაფინანსების საკითხი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მთლიანობაში პროცესი ატარებს დახურულ ხასიათს და ძალზე შეზღუდულია ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა აღნიშული საკითხების განხილვაში.
გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ ”საჭიროებათა შეფასების ერთობლივი დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე დებულებებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომლებიც აიძულებდა დონორებს, სამთავრობო ორგანოებს, კერძო კონტრაქტორებს ან გრანტების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებს საჯარო გახადონ საკუთარი საბუღალტრო ანგარიშები. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული დახმარება დაექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ანგარიშვალდებულების ასეთი გარანტიები შეიძლება არც გავრცელდეს სხვა არხების მეშვეობით შემოსულ დახმარებებზე.”
შეფასების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ:
http://budget.ge/images/stories/pdfs/1227775749_215_446_871397_Aid%20to%20Georgia%20GEO.pdf
|